"ქრისტიან-დემოკრატები,, საკონსტიტუციო ცვლილებების ისეთი კომპრომისულ ვარიანტზე იმუშავებენ, რომელიც მისი იდეის მთავარ პრინციპებს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ, ფრაქციის წევრმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება თავიდანვე ორ მიზანს ემსახურებოდა. კერძოდ, არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას, როცა ყველა მთავარ მოთამაშეს ექნება საშუალება მიიღოს მონაწილეობა და მეორე, რომ სხვა მოთამაშეებიც შემოსულიყვნენ, რომლებიც ევრკავშირის მოქალაქეები და დაბადებით ქართველები არიან. "შესაბამისად, მზად ვართ ნებისმიერი დიალოგისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სწორედ ამ ორი პრინციპიდან გამომდინარე" - განაცხადა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, იმ პირებს, ვისაც მათი ინიციატივის პირველადი ვარიანტით მოიაზრებდნენ საკუთარ რიგებში, ეს შესაძლებლობა არ ეძლევათ, მაგრამ ვეფხვაძე იმედოვნებს, რომ კონსტიტუციის შესაბამისად, ამ პროცესში სხვა პირები ჩაერთობიან.
"ქრისტიან-დემოკრატები" არ ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ რიგებში ფინეთის მოქალაქე გოჩა ბახია და ავსტრიის მოქალაქე თემურ აფხაიძე მოიაზრებოდნენ, თუმცა აცხადებენ, რომ კონსტიტუციით მათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მაინც არ ეძლევათ, რადგან საქართველოში ბოლო ორი წელი არ უცხოვრიათ. მოქმედი კონსტიტუციით კი, საქართველოში ცხოვრების ცენზი ბოლო 2 წლით არის განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ კულუარული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილისათვის განკუთვნილ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს ჩააგდებს და ამის შესახებ ,,ქრისტიან-დემოკრატებიც,, არიან ინფორმირებული. საკითხის ჩაგდება კი სავარაუდო შეთანხმების დარღვევამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილს მისთვის ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობაზე უარის თქმის გამო, სასამართლოში საქმე არ უნდა აღეძრა.