საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის" დაფინანსების შეთანხმებები გაფორმდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს გრძელვადიანი და შეღავათიანი პირობებით ფინანსური რესურსის გამოყოფას 170 მილიონი ევროს ოდენობით.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმებით ევროკავშირის სამეზეობლო პოლიტიკის ფარგლებში საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) მეშვეობით ქვეყანა მიიღებს 20 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს.
საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებებს ხელი მოაწერესფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, ევროპის საინვესტიციო ბანკისმხრიდან ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერიემ,ევროკავშირის მხრიდან საქართველოში ევროკავშრის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალისპროექტი მიზნად ისახავს სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე დაახლოებით 52 კილომეტრი სიგრძის ახალი, ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას და გრიგოლეთი-ქობულეთის (მდ.ჩოლოქი) არსებული გზის (დაახლოებით 16 კმ) რეაბილიტაციას. პროექტზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის დასაწყისიდან დაიწყება.
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი რეგიონის უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს გადაქცევას რეგიონის სავაჭრო, სატრანზიტო, ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად.
„აღსანიშნავია, რომ ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესში შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი. მშენებლობაში დასაქმდება მიმდებარე რეგიონებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა, რაც გამოიწვევს მათი შემოსავლების ზრდას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას," - განაცხადა გვინდაძემ.
გარდა ამისა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ამოქმედებით სწრაფად განვითარდება ქვეყნის ორი უმნიშვნელოვანესი რეგიონი - იმერეთი და გურია. ახალი გზის მშენებლობით ტრანზიტული მოძრაობისგან მთლიანად განიტვირთება გურიის რეგიონის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში გამავალი გზა. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი - ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა გაზრდის ტურისტულ ნაკადს აჭარის რეგიონში, წაახალისებს კერძო ინვესტიციების შემოდინებას რეგიონში, რომელიც დღეს ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე დიმანიურად განვითარებადი ცენტრია.
ახალი მაგისტრალის ამოქმედების შემდეგ მინიმუმამდე შემცირდება სატრანსპორტო ხარჯები, გაიზრდება სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობა, გაადვილდება გადაადგილება ქვეყნის რეგიონებს შორის, გაუმჯობესდება მგზავრობის ხარისხი, უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება სატრანსპორტო მოძრაობა, ამდენად აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დასაფინანსებლად მიმართული ფინანსური სახსრები ცალსახად წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკაში გაწეულ მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებას, რისთვისაც საქართველო მადლობას უხდის დონორ საფინანსო ორგანიზაციებს.
EIB წარმოადგენს ევროკავშირის საფინანსო ინსტიტუტს, რომელიც ძირითადად აფინანსებს რეგიონული მნიშვნელობის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. EIB-სთან საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ბოლო რამოდენიმე წელია. აჟამად, მიმდინარეობს ორი პროექტი წყლის ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროებში, ხოლო NIF წარმოადგენს ევროკავშირის ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში (ევროპის საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოყოფილ სესხთან ერთად) გამოიყენება პარტნიორი ქვეყნების კაპიტალტევადი ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსებისთვის.