სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კახეთის რეგიონში საშიში მავნებლის - მაროკოული კალიის წინააღმდეგ ქიმიური წამლობა დაიწყო.
სოფელ ზემო ალვანში ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი დავით კობერიძე მოსახლეობას შეხვდნენ და ფართობების შეწამვლის პროცესს დაესწრნენ.
ახმეტის რაიონში მაროკოული კალიის გავრცელება წელს პირველად დაფიქსირდა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მიწის ფართობების ქიმიურ დამუშავება სპეციალური დანადგარების ე.წ. ,,მიკრონეიერების" გამოყენებით განახორციელეს. ამ ეტაპზე დამუშავებულია 100 ჰექტარი დაზიანებული ფართობი. მთლიანობაში დაგეგმილია 600 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და საძოვრების ქიმიური დამუშავება.