კონტროლის პალატა, საკუთარ მოხსენებაში, რომელიც უწყებამ პარლამენტში წარადგინა, აქცენტს სახელმწიფო ქონების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზებზე აკეთებს .პალატის ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების შექმნაზე, ყოველწლიურად ბიუჯეტიდან დიდი ოდენობის თანხები იხარჯება, შესაბამისად სახელმწიფო ქონების სწორი გამოყენება, მართვა და რეგულაცია მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.
"არაფინანსური აქტივების დიდი ნაწილი აღრიცხულია საბაზრო ფასებთან მნიშვნელოვნად განსხვავებული თანხებით, რაც საჭიროებს მათი რეალური ღირებულებით გადაფასებას.
ადგილი აქვს სახელმწიფო ორგანიზაციების სარგებლობაში არსებული ქონების ბალანსზე აღურიცხაობის შემთხვევებს.
სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის ქონების გადაცემისას, არ ხდება შესაბამისი ბუღატრული გატარებები, რის გამოც აღნიშნული ქონება ხვდება როგორც ქონების მიმღების, ასევე გადამცემის ბალანსებზეც, შესაბამისად ქონება ორმაგად არის აღრიცხული"- ნათქვამია კონტროლის პალატის მოხსენებაში.
კონტროლის პალატაში განმარტავენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული და ექსპლუატაციაში მყოფი შენობა-ნაგებობები, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.
ასევე არის შემთხვევები, როდესაც შესრულებული სარემონტო სამუშაოები განეკუთვნება კაპიტალურ რემონტს, რომლებიც ზრდის არაფინანსური აქტივების ღირებულებას, თუმცა ხდება მათი ხარჯებში ჩამოწერა.
"ზოგიერთ სამინისტროში აქტივებისა და ვალდებულებების სავალდებულო ინვენტარიზაციები ან საერთოდ არ ტარდება, ან ფორმალურ ხასიათს ატარებს, რათა არსებობდეს გარანტია აქტივების დაცვასა და აღრიცხული აქტივების ფაქტობრივად არსებობაზე"- ნათქვამია კონტროლის პალატის ანგარიშში.
კონტროლის პალატა მთავრობას ურჩევს, რომ სახელმწიფო ორგანიზაციების ბალანსზე რიცხულიუ ქონების რეალური ღირებულებით გადაფასება მოხდეს..
"სახელმწიფო ორგანიზაციების ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების დიდი ნაწილი აღრიცხულია საბაზრო ფასებთან მნიშველოვნად განსახვავებული თანხებით, რაც საჭიროებს მათ რეალური ღირებულებით გადაფასებას.
სახელმწიფო ქონების აღრიცხვის დუბლირების თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის ქონების გადაცემისას მიზანშეწონილია შემუშავდეს ისეთი მექანიზმები, რომლითაც ბუღალტრული გატარებები განხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში"- ნათქვამია კონტროლის პალატის რეკომენდაციაში.
ლევან ბეჟაშვილის უწყება მთავრობას ურჩევს ასევე იმასაც, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებმა გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები მათ ბალანსზე არსებული და ექსპლუატაციაში მყოფი ქონების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად.
იმავდროულად, სახელმწიფო კონსოლიდირებული ბალანსის შედგენისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განსახორციელებლად მთავრობამ უზრუნველყოს ნორმატიული და მეთოდოლოგიური ბაზის შემუშავება და მოდიფიცირებული დარიცხვის სისტემაზე გადასვლა.
"სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ინფორმაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ქონების ნუსხა. აქედან გამომდინარე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს აღნიშნული ნუსხის დასრულება.
საწარმოების პრივატიზაცია - სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების პრივატიზაციის პროცესი საჭიროა წარიმართოს ერთიანი მეთოდოლოგიის გამოყენებით"- აღნიშნულია კონტროლის პალატის რეკომენდაციებში.