სსიპ-ების მიერ საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო მომსახურების/სერვისების გაწევის მიზნით მიღებული შემოსავლები ზუსტი და სრული მოცულობით უნდა აღირიცხებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში, აღნიშნულ რეკომენდაციას კონტროლის პალატა მთავრობას აძლევს.
როგორც კონტროლის პალატის მიერ პარლამენტში წარდგენილი მოხსენებაშია აღნიშნული, სსიპ-ების საკუთარი შემოსავლების ანალიზისთვის და გამჭვირვალობისთვის რეკომენდირებულია სსიპ-ების მიერ მიღებული საკუთარი შემოსავლების, კომერციულ ბანკების ანგარიშებზე ასახვასთან ერთად, ხაზინის ერთიანი ანგარიშში აღრიცხვა.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, 2011 წელს სსიპ-ების მიერ კანონმდებლობით ნებადართულმა შემოსავლებმა („საკუთარმა" შემოსავლებმა) 648,207 ათასი ლარი შეადგინა, რაც მათ მიერ მთლიანად მიღებული შემოსავლების 35%-ია. სსიპ-ების ფულადი სახსრები განთავსებულია კომერციულ ბანკებში და არა ხაზინის ერთიან ანგარიშზე და შესაბამისად მთავრობას არ გააჩნია ანალიზის საშუალება, თუ რა ოდენობით არის სსიპ-ების სუბსიდირების საჭიროება ბიუჯეტის მხრიდან.
კონტროლის პალატაში აცხადებენ, რომ საკუთარი შემოსავლების განაწილების რეგულაციის არარსებობა ვერ უზრუნველყოფს სახსრების რაციონალურად გამოყენებას.