კოალიცია ,,ქართული ოცნების,, წევრის გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მისი ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, თუ რა ჩაიწერება აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილების საბოლოო ვარიანტში, დამოკიდებული პრეზიდენტის განწყობაზე.
,,ბოლო დღეებში პარლამენტში აბსურდული ვითარებაა შექმნილი და უმრავლესობას და ე.წ. უმცირესობას თავად ვერ გაურკვევია რა ჩაწეროს კონსტიტუციაში, 3 წელი, 10 წელი თუ უვადო. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული დილით რომელი ფეხით ადგება უმრავლესობისა და ე.წ. უმცირესობის ბელადი მიხეილ სააკაშვილი,, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მისვე თქმით, ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ კოალიცია „ქართული ოცნება" ხოტბას შეასხამდა უმრავლესობის მიერ მოფიქრებულ ამ ცვლილებას, მაგრამ ოპოზიცია ხელისუფლების თამაშს არ აჰყვება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ".
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს არ არის საკონსტიტუციო ცვლილების საბოლოო ვარიანტი და მან ცვლილებეი შესაძლოა ისევ განიცადოს.