სეპარატისტულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე დაკავებული სამი ადამიანი, რომლებიც ორგანიზაცია "კავკასიის იმარატის" ე.წ. აფხაზური ჯამაათის წევრები არიან და რომლებიც სოჭში, ოლიმპიადის მომზადებისა და ჩატარების პერიოდში ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე რამდენიმე ხნის წინ მომხდარ თავდასხმასთან კავშირში არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი დაკავშირებულნი იყვნენ აფხაზეთის ყოფილ ე.წ. შს მინისტრთან ალმაზბეი კჩაჩთან, რომელიც ასევე ეჭვმიტანილი იყო ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზებაში და რომელმაც საკუთარ სახლში თავი მოიკლა. ინფორმაციას ამის შესახებ "კომერსანტი" აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამას გარდა, ე.წ. უშიშროების საბჭოში ასევე აცხადებენ, რომ ე.წ. აფხაზური ჯამაათის ერთი წევრი ასევე ფიგურირებს ანქვაბზე თავდასხმის საქმეში. ეს ედგარ ჭითანავაა, სწორედ მის სახლში იპოვეს სოჭის ტერაქტებისათვის განკუთვნილი არსენალის ნარილი. ადრე ელდარ ჭითანავა დაპატიმრებული და ეჭვმიტანილი იყო ალექსანდრე ანქვაბზე 2007 წელს განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობაში.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში ამჟამად ანქვაბზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებულია ელდარ ჭითანავა. ედგარ და ელდარ ჭითანავები - ძმები არიან.
სოხუმში ასევე ასახელებენ ე.წ. აფხაზური ჯამაათის სავარაუდო ლიდერის ვინაობას - ეს ვინმე რუსტან გიცბაა. "კომერსანტის" ინფორმაციით, სწორედ გიცბას ნათესავი ჰყავდა შამილ ბასაევს ცოლად.
აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოში ასევე აცხადებენ რომ იარაღი, რომელიც სოჭში ტერაქტებისათვის იყო განკუთვნილი გუდაუთაში სწორედ ანქვაბზე თავდასხმის გამოძიების საქმის დროს აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის ფედერაციის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია "კავკასიის იმარატი" სოჭში ტერაქტების განხორციელებისათვის ემზადებოდა და ამისათვის იარაღის სამალავები აფხაზეთის ტერიტორიაზე ჰქონდა. აფხაზეთის ტერიტორიაზე კი ამ იარაღის სამალავებს ე.წ. აფხაზური ჯამაათის წევრები მეთვალყურეობდნენ, რომელთაგან სამი უკვე დაკავებულია.
ამასთან ერთად, რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი ასევე იუწყებოდა, რომ ორგანიზაცია "კავკასიის იმარატის" ლიდერს დოკუ უმაროვს მჭიდრო კავშირი აქვს საქართველოს სპეცსამსახურებთან.