საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ხაბაზი პარლამენტში "ლეიბორისტების" მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლას მოითხოვს.
როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ახალი რეგლამენტის პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას განაცხადა, ახალ რეგლამენტში ისეთი ნორმა უნდა ჩაიწეროს, რომელიც დეპუტატებს მუდმივი ბოიკოტირების საშუალებას არ მისცემს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილის განმარტებით, დეპუტატებს ყველა ქვეყნის პარლამენტში აქვთ ბოიკოტის გამოცხადების საშუალება, თუმცა ბოიკოტის მუდმივ რეჟიმში გადაყვანა, არც ერთი ქვეყნის დეპუტატებს "აზრად არ მოსვლიათ".
მისი თქმით, ამ ნორმის შესახებ მსჯელობა გაგრძელდება.
"სხვა ქვეყნებში პარლამენტის წევრი წერილში მიუთითებს, რომელ საკითხს, რომელ დღეს უცხადებს ბოიკოტს. ისეთი ნორმის შემოღება შეიძლება, რომელშიც ბოიკოტის მიზეზის დაკონკრეტება აუცილებელი იქნება", - დასძინა გოგორიშვილმა.