"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, 24 აპრილის სხდომაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიოდეოფაილები გადასცა.
როგორც მან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, მასალაში ასახულია მარნეულის მაჟორიტარ დეპუტატ აზერ სულეიმანოვთან მომხდარი დაპირისპირების ამსახველი დეტალები,
"მასში სიტყვასიტყვით იქნება გადათარგმნილი, რა ვილაპარაკე მე და რა მოხდა იმ სხდომაზე. შესაბამისად, ყველა ელჩს ექნება სწორი ინფორმაცია, თუ რა ხდება რეალურად", - აღნიშნა ბაღათურიამ.
დეპუტატი შეხვედრაზე აზერ სულეიმანოვისა და აკაკი ბობოხიძის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან გაწვევის საკითხზედაც საუბროს. მისი განმარტებით, ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ კანონის დარღვევას, არამედ სახეზეა აშკარა დანაშაული.
"სახეზეა კონსტიტუციის 42-ე მუხლის დარღვევა და ეთნიკური ნიშნით შეუარაცხყოფა, სიძულვილი, ასევე თავდასხმა, ხულიგნური გამოხტომა. ხულიგნობა ასევე დასჯადი საქციელია. აქედან გამომდინარე, ორივე დეპუტატი პარლამენტიდან უნდა იყოს გაწვეული. ეთნიკური ნიშნით ვერც სომხების, ვერც ქართველების, ვერც რუსების და ვერც სხვების შეურაცხყოფას ვერ დავუშვებთ. ეს სამარცხვინო საქციელია",- აღნიშნა დეპუტატმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ცნობილი ინციდენტის გამო მთელ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს.