პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გერმანიაში ვიზიტისას გერმანელ ექპერტებსა და პოლიტოლოგებს შეხვდა, რომელთა შორის დიტერ ბოდენიც იყო.
საპარლამენტო დელეგაციის წევრი, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე ადასტურებს, რომ ბერლინში გამართულ ერთერთ შეხვედრაში დიტერ ბოდენიც მონაწილეობდა. მისი ინფორმაციით, დიტერ ბოდენმა საქართველოს დელეგაციას რუსეთ-საქართვლოს ურთიერთობებს შესახებ შეკითხვაც დაუსვა.
ოფიციალური ინფორმაციით, ბერლინში კურტ კიორბერის ფონდში გამართული შეხვედრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და შიდაპოლიტიკურ რეფორმებზე ისაუბრა. გერმანელი ექსპერტების დაინტერესება გამოიწვია საგარეო პოლიტიკურმა მდგომარეობამ და უსაფრთხოების საკითხებმა. საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.
შგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნინო კალანდაძე ჯერ კიდევ 4 აპრილს აცხადებდა, რომ "დიტერ ბოდენთან ნებისმიერი ფორმით ოფიციალურ დონეზე თანამშრომლობა შეზღუდული იქნებოდა".
"ბოდენი ილუზორულს და ხორცშეუსხმელს უწოდებს საქართველოს მთავრობის სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ის თავის საჯარო გამოსვლებში საქართველოს ხელისუფლებას მესამე რაიხს და ფაშისტურ გერმანიას ადარებს. ამბობს, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიაროს თავისი შეცდომები საკუთარი მტრებისა და მსხვერპლის წინაშე, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა ნაცისტურმა გერმანიამ", - აღნიშნა რამდენიმე კვირის წინ ნინო კალანდაძემ.