დღეს, კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია მარტვილის რაიონის სოფელ ონოღიეს მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ონოღიეს მცხოვრებლებმა ირაკლი ალასანიას ის პრობლემები გააცნეს, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ.
მათი თქმით, სოფელში მოსახლეობის 90 % უმუშევარია. ონოღიეში, როგორც სამეგრელოს სხვა სოფლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივი მოსახლეობის გვერდის ავლით და მოტყუებით გაასხვისეს სოფლის კუთვნილი მიწები და მოსახლეობა სახნავ სათესის და საძოვრების გარეშე დარჩა. ასევე მწვავედ დგას ჯანდაცვისა და განათლების პრობლემა. ადგილობრივები ვერ სარგებლობენ სოციალური პოლისებით, მათთვის ხელმისაწვდომი არ არის ჯნდაცვის სერვისები.
ირაკლი ალასანიამ ადგილობრივ მოსახლეობას კოალიცია „ქართული ოცნების" ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და განათლების პროგრამები გააცნო, ასევე გააცნო „ქართული ოცნების" ინიციატივა საპენსიო რეფორმის შესახებ და დაჰპირდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საპენსიო კანონი შეიცვლება. საპენსიო ასაკი ქალებისთვის გახდება 55 წელი, ხოლო მამაკაცებისთვის 60 წელი, მინიმალური პენსია კი კანონით განისაზღვრება არანაკლებ საარსებო მინიმუმისა.