„ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია დეპუტატის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახისთვის გადახდილი თანხის შემცირებას აპროტესტებს. ამის შესახებ მან დღეს ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, პარლამენტის ახალი რეგლამენტის განხილვისას განაცხადა.
დღემდე მოქმედი რედაქციით, დეპუტატის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრს, 10 წლის ხელფასის ოდენობა უნდა მიეღო.
პარლამენტის რეგლამენტის ახალ პროექტში კი ნათქვამია, რომ თუ პარლამენტის წევრი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო გარდაიცვლება, მათ შორის თავდასხმის გამო, ოჯახის წევრი 15 000 ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებს.
ბაღათურიას მიაჩნია, რომ კომპენსაციის თითქმის 10-ჯერ შემცირება გაურკვეველი მიზეზით ხდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის განმარტებით, 15 000 ლარი პროექტში იმიტომ ჩაიწერა, რომ ამით შესაბამისობაში მოვიდა, სიცოცხლის ხელყოფისას, კომპენსაციის საკითხი სხვა შემთხვევებთან. თუმცა მისივე თქმით, ეს საკითხი ღიად არის დარჩენილი და მასზე მსჯელობა რეგლამენტის პროექტის მეორე მოსმენის განხილვის დროსაც გაგრძელდება.