დღეს 12.00 საათზე თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოში პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც ავარიულ შენობებში, სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში მცხოვრები მოქალაქეებისათვის პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, ბუნებრივი მოვლენები, ნალექი და მიწისძვრები საფრთხეს უქმნის თბილისის ათობით ავარიულ შენობაში მცხოვრები მოქალაქეების სიცოცხლეს.
"ხელისუფლების წარმომადგენელთაგან ჩვენ მხოლოდ დაპირებებს ვისმენთ, იმასთან დაკავშირებით რომ მოაგვარებენ ავარიული სახლების პრობლემას, თუმცა გადის დრო და რიგი ფაქტორებისა მხოლოდ აღრმავებს პრობლემას. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ, შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლებიც შევლენ და რომლის უფლებამოსილებაში შევა ავარიულ სახლებში მცხოვრებთა შენობებიდან გაყვანის, მათი ფინანსური ან ფართით დაკმაყოფილების საკითხები", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ზაზა გაბუნიას თქმით, მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი ეფექტური სამუშაოების განხორციელება და სწრაფი რეაგირება ხსენებული პრობლემის დასაძლევად.