პოლიტიკური პარტია" განახლებული საქართველოსთვის" აცხადებს, რომ 12 მაისს დაგეგმილი დევნილთა ფართომასშტაბიანი შეკრების ორგანიზება სამეგრელოში პოლიციისა და სპეცსამსახურების თვალთვალის, დაშინებისა და ტერორის ქვეშ მიმდინარეობს.
,,პოლიტიკური პარტია" განახლებული საქართველოსთვის აქტივისტები და რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები აგრძელებენ შეხვედრებს დევნილებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან. გუშინ გაიმართა შეხვედრა ხობის რაიონის მოსახლეობასთან, რომელსაც უძღვებოდა პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსი ლაშა გვასალია. დღეს დილით ლაშა გვასალიას ბიძას გულადი გვასალიას, რომელიც ესწრებოდა შეხვედრას მოსახლეობასთან და რომელსაც სოფლის პროგრამის ფარგლებში მოგებული ჰქონდა ტენდერი ადგილობრივი სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოების შესასრულებლად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოგა ღურწკაიას დავალებით სოფელ გურიფულის საკრებულოს თავმჯდომარემ სოსო ჭანტურიამ აცნობა, რომ რაკი იგი მხარს უჭერს დევნილთა შეკრების ორგანიზებას, მას უარი ეთქვა ამ პროექტის განხორციელებაზე. გულადი გვასალია და პროექტის განხორციელებაში მონაწილე მუშები სამსახურის გარეშე არიან დარჩენილნი, რაც მძიმე ტვირთად დააწვებათ მათ ოჯახებს. ლაშა გვასალიას განცხადებით, საორგანიზაციო ჯგუფის წევრებსა და აქტივისტებს მუდმივად თან დაჰყვებათ მანქანები, მათ შორის, შავი ფერის ,,ჯიპი-სუზუკი",სანომრე ნიშნებით ,,OCO-181", რომელიც ეკუთვნის ადგილობრივი პოლიციის უფროსს. ,,ჩვენ მუდმივი თვალთვალის, დაშინებისა და ზეწოლის ქვეშ გვიხდება ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრა, რაც წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნასა და შევიწროებას, ჩვენთან შეხვედრების შემდეგ პოლიციისა და სპეცსამსახურების თანამშრომლები მიდიან მოსახლეობასთან სახლებში და აფრთხილებენ, რომ მათ არ გაბედონ 12 მაისის შეკრებაზე მისვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გამოყენებული იქნება სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებები, რითაც გარკვეულწილად ახერხებენ მოსახლეობaში შიშის დანერგვას. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მოსახლეობა და დევნილები არ ეპუებიან პოლიციის შანტაჟს და გადაწყვეტილი აქვთ მოსვლა 12 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე. დღეს ასევე დაადგნენ თავზე სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, ეცადნენ მათ დაშინებასა და დატერორებას, თუ ისინი გაბედავენ გამოგვყვნენ ჩვენ შეკრებაზე და წამოიყვანონ ხალხი",- განაცხადა ლაშა გვასალიამ.
დღეს პარტიის აქტივისტები კვლავ აგრძელებენ შეხვედრებს ხობის რაიონის სხვადასხვა სოფლებში.