საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია რეგიონებში დევნილების მხარდამჭერ ქსელს ქმნის. პროექტის „ჩვენ ერთად შევძლებთ" პრეზენტაცია ხვალ, 13:00 საათზე, თელავში, სასტუმრო „ალაზნის ველის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. პრეზენტაციის შემდეგ ქსელის წარმომადგენლები თელავში კომპაქტურად მცხოვრებ დევნილთა დასახლებას ეწვევიან.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ასოციაციის წარმომადგენელმა ქეთევან ფაცაციამ აცნობა, პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელ თემთა ინტეგრაცია. ასევე, მათი მხარდაჭერა ადგილობრივ, რეგიონალურ და ცენტრალურ დონეზე საკუთარი ინტერესების გახმოვანებისა და სოციალურ - ეკონომიკური საჭიროებების მოგვარების პროცესში ჩართვის გზით.
მხარდამჭერთა ქსელი საქართველოს 4 რეგიონში იქმნება, მათ შორის კახეთშიც. ქსელი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რეგიონული მედიის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს აერთიანებს.