რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავი ცალ-ცალკე მოულოცა.
"რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ქვეყნების და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს და საქართველოს მოქალაქეებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 67-ე წლისთავი მიულოცა",_ იუწყება კრემლის პრესსამსახური.
თავის მილოცვაში, რომელიც მან სახელმწიფოს მეთაურებს გაუგზავნა აღნიშნულია დიდი სამამულო ომის ვეტერანების გმირობა და გამოთქმულია იმედი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გარღმავების შესახებ.
"ერთადერთი გამონაკლისი მილოცვაში საქართველო იყო", - აღნიშნავს რუსული მედია და იქვე წერს, რომ ვლადიმერ პუტინმა დღესასწაული არა საქართველოს ხელისუფლებას არამედ ქართველ ხალხს მიულოცა.
"რამდენი დროც არ უნდა გავიდეს დიდი სამამულო ომის დამთავრებიდან 9 მაისი ყოველთვის იქნება სიამაყისა და ხსოვნის დღე რუსეთისა და საქართველოს ხალხებისათვის. დამპყრობლების წინააღმდეგ მხარდამხარ ბრძოლით ჩვენმა მამებმა და ბაბუებმა თავისუფლება და მშვიდობა მოიპოვეს შთამომავლობისათვის.
ჩვენ ყოველთვის მივაგებთ პატივს გამარჯვებულთა ღვაწლს, დავიცავთ სიმართლეს ომზე და გადამწყვეტად აღვკვეთთ ყველანაირ მცდელობას ისტორიის გადაწერისა და დამახინჯებისა", _ ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მიმართვაში ქართველი ხალხის მიმართ.