საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბუნდესტაგში, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გამართა.
ბაქრაძისა და რუპრეხტ პოლენცის საუბრის ძირითადი თემა, საქართველოში მიმდინარე პროცესები, განხორციელებული საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება იყო. ბაქრაძემ გერმანიის პარლამენტის წევრს რუპრეხ პოლენცს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩევნებისთვის დამკვირვებლებად გერმანელი კანონმდებლელბი ოფიციალურად მოიწვია.
ბუნდეგსტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს არ ცნობს.
როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, ბაქრაძისა და პოლენცის შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ, სივრცეში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრეს და ყურადღება ჩიკაგოს დაგეგმილ სამიტზედაც გაამახვილეს.