2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და ავტორიტეტული არასამთავრობო ინსტიტუტებისთვის გაგზავნილ წერილებზე დამატებით, ოფიციალური მოწვევები გაუგზავნა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეას და საერთაშორისო კოალიციას - "დემოკრატიული სახელწიფოების თანამეგობრობა". ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით ოფიციალური მოსაწვევები გაეგზავნა მთელ რიგ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძოდ, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპარლამენტს, ევროკავშირს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას, ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს.
ქართული მხარის მიერ 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნასთან დაკავშირებული თხოვნის საპასუხოდ, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა უკვე აცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიმდინარე წლის 11-16 ივნისის პერიოდში, შემფასებელი მისიის განხორციელებასთან დაკავშირებული გეგმის თაობაზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა სწორედ აღნიშნული მისიის ვიზიტის ორგანიზების კუთხით, რომელიც ემსახურება ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს და არჩევნების მოსამზადებელი სამუშაოს შეფასებას.