"სამწუხაროდ, ელემენტარული კოორდინაციაც კი ვერ იქნა მიღწეული "ქართულ ოცნებასთან" სახალხო კრების მხრიდან", _ განცხადა ჟურნალისტებთან ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, კოორდინირება არანაირ პოლიტიკურ ვალდებულებას არ გულისხმობს.
"კოორდინირება ოპოზიციურ ძალებს შორის არანაირ პოლიტიკურ ვალდებულებებს არ გულისხმობს თუნდაც პოლიტიკური ძალების ხელმძღვანელების მიმართ. კოორდინირება არის ის, რაც ხელს უწყობს, ოპოზიციის ქმედებებს, რომ მუდმივად არ ჰქონდეს ხელისუფლებას სალაპარაკო ის, რომ ოპოზიცია ელემენტარულ საკითხებთან დაკავშირებითაც კი კოორდინირებას ვერ ახერხებს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ბურჯანაძემ.
ბურჯანაძისთვის გაუგებარია, რატომ ვერ მოხერხდა კოორდინირება. როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნება" ინფორმირებული იყო, რომ "სახალხო კრება" 26 მაისს აქციას გეგმავდა.
"ძალიან კარგად იცოდა "ქართულმა ოცნებამ", 26 მაისს "სახალხო კრება" რომ გეგმავდა ღონისძიებას და ამის თაობაზე განცხადებაც გამოქვეყნებული გვქონდა. რა პრობლემა იყო ელემენტარული კოორდინირება", _აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, "სახალხო კრება" 26 მაისის ღონისძიების ფარგლებში ყველა პარტიის კოორდინირებას გეგმავდა.
"ჩვენ ვაპირებდით ყველა პოლიტიკური პარტიის მოპატიჟებას ამ სამგლოვიარო ღონისძიებაზე იმისდა მიუხედვად, ჩვენ შორის არის თუ არა კეთილი ურთიერთობა. გვინდოდა, 26 მაისი გამხდარიყო ერთიანი სოლიდარობის დღე და ეს არ ყოფილიყო მხოლოდ შარშან დაღუპული ან დაზარალებული ადამიანებისთვის. ეს დღე უნდა გადაგვექცია ყველა იმ ადამიანის სოლიდარობის დღედ, რომელიც დაზარალდა სააკაშვილის ხელისუფლების რეჟიმის პირობებში", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ბურჯანაძემ.