"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ რუსეთისა და საქართველოს აქციების დაშლის მეთოდების ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება და რუსეთში აქციები ცივილიზებულად დაშალეს.
"მე დავინახე, რომ აქცია და აქციის მონაწილეებისადმი მოპყრობა იყო ისეთივე, როგორსაც ვხედავ გერმანიაში, საფრანგეთში და ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში. აქციაზე არ მინახავს არც ერთი გატეხილი თავი, არც ერთი ცხვირპირდასისხლიანებული სახე, არც ერთი ადამიანი, რომელიც იყო იმ მდგომარეობასთან მიახლოებულიც კი, რაც იყო 26 მაისს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ნინო ბურჯანაძემ და ღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთში მიმდინარე აქციის დაშლის მეთოდების შედარება არ შეიძლება.
"პირდაპირ შემიძლია გითხრათ, შეადარეთ აქციის წევრების და აქციის ხელმძღვანელების მიმართ რუსეთის ხელისუფლების მოქმედება და საქართველოს მოქმედება ერთმანეთს. მაქსიმუმი, რაც აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს დეკემბერში და შემდეგაც, ეს იყო 3-, 5-, 10-დღიანი თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა და კიდევ ერთელ ვიმეორებ, არც ერთი ნაცემი და ნაბეგვი ადამიანი", _ განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება, საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, არ მიიჩნევს, რომ დემოკრატიის მაგალითია.
"განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისაგან, არასოდეს რუსეთის ხელისუფლებას არ უქვამს, რომ დემოკრატიის მაგალითია მსოფლიოში", _ განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.