,ქართული დასის,, ლიდერი ჯონდი ბაღათურია პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს მოუწოდებს, დეპუტატების საქციელის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს.
საკითხი ეხება პარლამენტში, 24 აპრილს მომხდარ ცნობილ დაპირისპირებას, რომელიც ბაღათურიასა და უმრავლესობის წევრ აზერ სულეიმანოვს შორის მოხდა და ამ უკანასკნელმა ოპონენტს "სომეხი კოლეგა ბაღათურიანი" უწოდა.
ბაღათურიას თქმით, 10 დღეა გასული იმ სამარცხვინო საქციელიდან, რაც აზერ სულეიმანოვმა და აკაკი ბობოხიძემ ერთობლივად ჩაიდინეს, თუმცა ხელისუფლების არცერთ წევრს, მათ შორის, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, საზოგადოებისთვის ბოდიში არ მოუხდია.
,,ეს არ იყო მხოლოდ სომეხთა შეურაცხყოფა. უპირველესად, ქართველების შეუარცხყოფაა ის, როცა საქართველოს პარლამენტის წევრები ასე უღირსად და კრიმინალურად იქცევიან. უმრავლესობის სახელით ბოდიშს ვინც მოიხდის, ეს მათი ნებაა. მაგრამ რადგან ეს ყველაფერი პარლამენტში მოხდა, უმჯობესია, ბაქრაძემ მოიხადოს ბოდიში და ამით მათ საქციელს გაემიჯნოს" - აღნიშნა დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბარში.
,,ქართული დასი,, დღეს უფლებათადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემა საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში "ქსენოფობიური ტენდენციები, სიძულვილის ენაზე საუბრისა და ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფის" კონკრეტული ფაქტების განხილვა იყო.