საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ქართული პოლიციის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებისთვის მადლობა გადაუხადა და სახელმწიფო საქმიანობაში გაწეული წვლილისთვის, წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა შს მინისტრს ჯილდო გორში, ქართული პოლიციის აღლუმზე გადასცა
"მას კიდევ დიდი გზა აქვს წინ და არ მინდა ზედმეტი ქება შევასხა. ბევრი გამოცდაა წინ და თითოეულმა ჩვენგანმა კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ მართლაც ღირსია იმსახურებდეს საზოგადოების პატივისცემას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვუთხრათ ადამიანს მადლობა უკვე გაწეულ, ძალიან დიდ საზოგადოებრივ-სახელმწიფო საქმიანობისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
დღესვე, სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოები და ორდენები ათეულობით პოლიციელს გადაეცა. პოლიციის დღე გორში აღლუმით აღინიშნა. 6 მაისი პოლიციის დღედ საქართველოში 2010 წლიდან აღინიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილი პირველი ღონისძიება 2010 წელს თბილისში გაიმართა. 2011-ში კი - პოლიციის დღე ბათუმში აღინიშნა.