22 იანვარს, 16.00 საათზე ქალთა საკონსულტაციო ცენტრი "სახლი" გალერეა "ტელესკოპში" აწყობს პრეზენტაცია-გამოფენას, რომელიც ტარდება პროექტის "დევნილთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა" ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს, იტალიის საელჩოს მიერ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იძულებით გადაადგილებულ ქალთა ნამუშევრები: ნაქარგობა, ნაქსოვი და შეკერილი ნივთები, თექა.
ქალთა საკონსუტაციო ცენტრი "სახლი" მუშაობს ოჯახური ძალადობის პრობლემაზე 1997 წლიდან. 2007 წლიდან ორგანიზაციამ თავის საქმიანობაში ფოკუსირება მოახდინა იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის პრობლემებზედაც, კერძოდ გენდერულ ძალადობის პრობლემაზე - მსხვერპლთა დახმარებისა და უფასო მომსახურეობით (ფსიქოლოგიური, იურიდიული, სამედიცინო კონსულტაცია, თავშესაფრისა და ქალთა სარეაბილიტაციო კლუბების - თბილისი, გორი - მომსახურეობა) უზრუნველყოფის ასპექტში.
2009 წლის ივნისიდან მოყოლებული, ორგანიზაციამ განახორციელა პროექტი "დევნილთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა", რომელიც დასრულდა 2010 წლის იანვარში.
პროექტის ფარგლებში დევნილ ქალებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ფსიქოლოგიური კონსულტაცია და გაევლოთ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდა ხელსაქმის სხვადსახვა სახეობების - ქარგვა, კერვა, ქსოვა, თექა - შესწავლა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ბენეფიციართა ნამუშევრები.