რუსთავის საკრებულოს წევრმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,თამაზ გველუკაშვილმა სააღდგომოდ ქალაქის რამდენიმე უბანში საჩუქრად ცხვარი და ღვინო გააგზავნა,- ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს და მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი შეიძლება ჩაითვალოს ამომრჩევლის მოსყიდვად.
ორგანიზაციის ინფორმაციით, აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე სხვადასხვა უბანში შეგროვდა ინფორმაცია კორპუსების მაცხოვრებელთა რაოდენობის შესახებ, ხოლო აღდგომის დღეს იმავე უბნებში მანქანებით საჩუქრები - ცხვარი და 20 ლიტრი ღვინო - მიიტანეს. ზოგიერთ უბანში საჩუქრები რუსთავის გამგეობის და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებმაც კი დაარიგეს, თუმცა ყველგან პირდაპირ ითქვა, რომ ნობათი თამაზ გველუკაშვილის გაგზავნილია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, საჩუქრები დარიგდა რუსთავის მე-15 და 21-ე მიკრორაიონებში, ასევე თოდრიას, ლომოურის და ლეონიძის ქუჩებზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" განმარტავს, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის თანახმად, პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით კი პოლიტიკური მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის ან სხვა ქონების გადაცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, სახეზე იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. გასათვალისწინებელია, რომ ქმედების განმახორციელებელი პირი, პოლიტიკური გაერთიანების მიერ პოლიტიკური ნიშნით არის წარდგენილი და მასთან ასოცირდება, რაც ამ პირის პოლიტიკური მიზნების არსებობას უსვამს ხაზს. მივმართავთ საქართველოს კონტროლის პალატას და საქართველოს პროკურატურას, გამოიკვლიონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.