საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მთავარ პროკურორს მიმართავს.
სახალდო ომბუდსმენმა მურთაზ ზოდელავას ჟურნალისტების - ნანა ფაჟავას და ილია ჩაჩიბაიას საქმის მასალები გაუგზავნა და მისგან შემდგომი რეაგირება მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 5 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართეს ჟურნალისტებმა ნანა ფაჟავამ და ილია ჩაჩიბაიამ. განცხადებიდან და ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს, ჟურნალისტი ჩაჩიბაია, საქართველოს პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის ზუგდიდში ყინულის სახლში ვიზიტის დაფიქსირებას ცდილობდა, რა დროსაც მას დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა 100 მეტრის რადიუსში ხალხთან ერთად დადგომა მოსთხოვეს. აღნიშნული ფაქტი ჩაჩიბაიამ გააპროტესტა და სხვა ჟურნალისტებთან ერთად ადგილზე დარჩენა ითხოვა.
ჩაჩიბაიას განმარტებით, მას თავს 50-მდე პოლიციელი დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც იძულებული გახდა მოშორებით დამდგარიყო. ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ყინულის სახლი დატოვა, ჟურნალისტმა ფოტოაპარატით აღნიშნული ფაქტის ამსახველი რამდენიმე კადრი გადაიღო. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ჩაჩიბაიას კვლავ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და ტერიტორია დაატოვებინეს.