"ქართული დასი" დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ სპეციალურად, მისი პარტიის მიმართ, დისკრიმინაციული კანონპროექტი მოამზადა.
როგორც მიმართვაშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტში კანონები იწერება კონკრეტული ლიდერების ან პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, ამის გამოვლინება იყო ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გამოცემული არაერთი საკანონმდებლო აქტი.
"მიმდინარე წლის 28 თებერვალს საქართველოს პარლამენტში, პრეზიდენტთან გამართული, დებატების დროს მოხდა ცნობილი დაპირისპირება "ქართულ დასსა" და პრეზიდენტს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული დასის" თავმჯდომარემ ჯონდი ბაღათურიამ დოკუმენტურად ამხილა პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები კორუფციაში. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც აშკარად დისკრიმინაციულია პ.გ. "ქართული დასის" მიმართ", - აღნიშნულია მიმართვაში და დეტალურად არის აღწერილი ის ქმედებები, რომელსაც პარტია დისკრიმინაციულად მიიჩნევს.
კერძოდ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ევროსაბჭოში გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიარებულია პარტია, რომელიც უკანასკნელი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, დაფინანსებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
"ამ ფორმულირების შესაბამისად, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული დასი" ისევე როგორც სხვა პარტიებმა მოიპოვა კვალიფიციური პარტიის სტატუსი (შესაბამისად უფასო საეთერო დროის ლიმიტი და ყველა სხვა უფლება, რომელიც დანარჩენ კვალიფიციურ პარტიებს aqvთ) და დღემდე ინარჩუნებს ამ სტატუსს.
თუმცა, საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლიში, რომელიც არეგულირებს: "წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფას" გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც მხოლოდ ამ მუხლის მიზნებისათვის, კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიარებს პარტიას, რომელიც საარჩევნო ბლოკის წევრთა ჩამონათვალში იყო პირველი ნომერი, რაც თავისთავად ნონსენსია. ამ ნორმით პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ქართული დასი" და მთელმა რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც საარჩევნო ბლოკის წევრთა ჩამონათვალში არ იყვნენ პირველი ნომრები დაკარგეს მათთვის კუთვნილი უფასო საეთერო დროის ლიმიტი.
აღნიშნული ნონსენსის ირგვლივ გამართულ დებატებში ხელისუფლება აცხადებდა, რომ ამ უკანონობას გამოასწორებდა და ყველა კვალიფიციურ პარტიას აღუდგენდა მათთვის კუთვნილ უფასო საეთერო დროის ლიმიტს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებით.
მაგრამ ამის ნაცვლად, პრეზიდენტთან მომხდარი ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, კანონპროექტის ინიციატორმა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა შეცვალა ფორმულირება და წარმოადგინა კანონპროექტი ისეთი რედაქციით, რომლის მიხედვითაც უფასო სარეკალმო დროის ლიმიტი აღუდგებოდა მხოლოდ იმ პარტიებს რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში (იხილეთ დანართი №3). საქმე ისაა, რომ პ.გ. "ქართული დასი" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით, ბოიკოტს უცხადებდა და არ მონაწილეობდა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
ამგვარი საკანონმდებლო ჟონგლიორობით მივიღეთ შემდეგი სურათი: უფასო სარეკლამო დროის ლიმიტი ექნება ყველა პარტიას, ზოგს იმის გამო, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვა კვალიფივიური პარტიის სტატუსი, მაგ: "ლეიბორისტებს", რომლებიც მარტო მონაწილეობდნენ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში და "კონსერვატიულ პარტიას", რომელიც "გაერთიანებული ოპოზიციის" ბლოკის წევრთა ჩამონათვალში იყო პირველი ნომერი და ზოგს იმიტომ, რომ მონაწილეობდა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, განურჩევლად იმისა ბლოკის ჩამონათვალში პირველი იყო თუ ბოლო. (30-ე მუხლის მე-12 პუნქტი), ხოლო პ.გ. "ქართულ დასს" არ ექნება უფასო სარეკლამო დროის ლიმიტი, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მოიპოვა კვალიფიციური პარტიის სტატუსი, hყავს პ.გ. "ქართული დასის" kვოტით გასული თავისი წარმომადგენელი პარლამენტში და არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საპარლამენტო ოპოზიციური პარტია.
ამ ცვლილებების განხილვის დროს პ.გ. "ქართულმა დასმა" დღის წესრიგში დააყენა საკუთარი ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც ამ შეკვეთილ მანიპულაციას აღმოფხვრიდა (იხილეთ დანართი №4), თუმცა უმრავლესობამ ჩააგდო ეს ალტერნატივა და მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა პავლე კუბლაშვილის მიერ წარმოდგენილ რევანშისტულ ფორმულირებას", - აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც "ქართული დასი" დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს უგზავნის.