ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარე მილან ცარბნოხი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიის უზრუნველყოფისთვის თავად მოქალაქეებმა უნდა იზრუნონ. ამის შესახებ მან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვითან ერთად პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯების შესახებ მარტივი პასუხი არ არსებობს.
,,პრიორიტეტული საკითხებია ადამიანის უფლებათა დაცვა, სამართლიანი სასამართლო, სამართლიანი არჩევნების ჩატარება. გარდა ამისა, ყველა პარტიას მედიის ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეს, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ვინ არის მედიასაშუალებების მფლობელი. ბევრი სხვა თემაც მნიშვნელოვანია, მათ შორის ეკონომიკური განვითარება. ყველა ამ სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს. ევროკავშირი მზად არის და შეუძლია, საქართველოს თავისი სუვერენიტეტის განმტკიცებაში დაეხმაროს, თუმცა, აუცილებელია ითქვას, რომ თქვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველყოფა, თქვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაა. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ, მაგრამ თქვენ და თქვენს პოლიტიკოსებს ვერ გიკარნახებთ. ეს თქვენი გადასაწყვეტია." - აღნიშნა ცარბოხმა. და დასძინა, რომ ამ საკითხების შესახებ საქართველო-ევროკავშირის საერთო განცხადებაშიც არის ნათქვამი.
ცარბნოხმა ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და საქართველოს მოსახლეობას უსურვა თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება.
,,დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი, რომელსაც თქვენ აირჩევთ წარმომადგენლობითი იქნება და თქვენი მოქალაქეების ნებას გამოხატავს. საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა და ეკონომიკური წინსვლა გაგრძელდება. საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ვისურვებდი რომ ეს მომავალშიც გაგრძელდეს,, - განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარემ. მისივე თქმით, დელეგაციამ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, პარლამენტში წარმოდგენილი და არასაპარლამენტო პარტიებიდან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიამ ორდღიანი სამუშაო სხდომის შემდეგ ერთობლივი განცხადება მიიღო, რომელიც 35 მუხლისაგან შედგება.