ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიის მიერ მიღებული განცხადება 35 მუხლისგან შედგება. ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარე მილან ცარბნოხთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, განცხადებისა და რეკომენდაციების დაყოფა შეიძლება რამდენიმე თემად. კერძოდ, ქართულ-ევროპული ურთიერთობები; ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმები და მოდერნიზაცია; საქართველოში არსებული კონფლიქტი და დევნილების პრობლემები.
დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ განცხადებაში ტერმინი „კონფლიქტი საქართველოში" დაფიქსირდა. მისი თქმით, უკვე არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოში რაიმე სახის ეთნიკური კონფლიქტები არსებობს და ყველასთვის გასაგებია, თუ ვისთან აქვს საქართველოს კონფლიქტი.
დარჩიაშვილის განცხადებით, დღეს მიღებული განცხადება მნიშვნელოვანი სამართლებლივი და პოლიტიკური დოკუმენტია და მისი საბოლოო ტექტსი ხვალ ინგლისურ ენაზე გავრცელდება, შემდეგ კი ქართულად ითარგმნება.
განცხადებას საქართველოს ხელისუფლებას და ევროპარლამენტს გადაუგზავნიან. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიის წევრები ვიზიტის დროს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.