გერმანია საქართველოში დაგეგმილი მომავალი არჩევნების მხარდაჭერისთვის 52 000 ევროს გამოყოფს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოდან აცნობეს, გერმანიას თავისი წვლილი შეაქვს საქართველოში მომავალი არჩევნების მხარდაჭერის პროგრამაში, რომელსაც ევროსაბჭო ახორციელებს.
საელჩოს ცნობით, გერმანია 52 000 ევროს ოდენობის თანხით, საკუთარი სურვილით მხარს უჭერს ევროსაბჭოს პროგრამას, რომლის მიზანია საქართველოში მომავალი საპარლამენტო (2012), საპრეზიდენტო (2013) და ადგილობრივი (2014) არჩევნების ხელშეწყობა.
გერმანიის მიერ გამოყოფილი თანხა მოხმარდება პირველ რიგში იმ ამომრჩეველთა ინფორმირების ღონისძიებებს, რომლებიც პირველად მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში.
"ევროსაბჭოს ეს პროგრამა გათვლილია არჩევნებში პირველად მონაწილე ამომრჩევლების მაღალ აქტიურობაზე. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებებისადმი შეგნება აამაღლოს და მათი აქტიურობა გააძლიეროს. ამ დახმარებით გერმანიას თავისი წვლილი შეაქვს საქართველოში დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანთა უფლებების კონსოლიდაციის საქმეში"-, განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ევროსაბჭოში, იულიუს გეორგ ლუიმ ევროსაბჭოს პროგრამის დირექტორ, გაბრიელა ბატაინი-დრაგონისთან ერთად სტრასბურგში, თანხის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას.