ჩრდილოეთკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტს მხარი დაუჭირეს. აღნიშნული პროექტი პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამავე კომიტეტის აპარატის სპეციალისტმა გიორგი საბედაშვილმა წარადგინა.
სტრატეგიის მიზანი ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, კომერციის, ვაჭრობის და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში არსებული კავშირების გამყარებაა.
სტრატეგიის მიხედვით, საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული არასტაბილური ვითარების გამო, რომელიც უმთავრეს დარტყმას ადამიანებსა და მათ უფლებებს აყენებს. საქართველო მზადაა ჩრდილოკავლასიელ ხალხს ისტორიული სიმართლის დაგენაში დაეხმაროს.
"საქართველო ეთანხმება უამრავი საერთაშორისო უფლებათადამცველი ორგანიზაციის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, ჩრდილო კავკასიაში გამუდმებით მიმდინარეობს ადამიანების ეთნიკური და პოლიტიკური ნიშნით დევნა, გატაცება, დაშინება თუ სხვა ადამიანის ღირსებისა და პატივის შემლახველი მოვლენები", - აღნიშნულია სტრატეგიაში.
მასში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო ჩრდილოკავკასიელ ხალხებს საკუთარი უფლებების დაცვაში დაეხმარება.
სტრატეგიის პროექტის ავტორები პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი და ეროვნული უშიშროების საბჭო არიან.
კომიტეტის სხდომას ექსპერტები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.