"ერთი ქუჩიდან იმართებოდა საქართველო, ერთი ქუჩით იმართებოდა კავკასიაც და იმათ იმ ქუჩაზე ფეხებზე ეკიდათ თბილისი და დანარჩენი საქართველოც",_ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში სტუმრობისას და აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან ადვილად მართვადია ჩრდილოეთიდან, თუ ის ერთი ქუჩიდან იმართება.
"საქართველო არის ძალიან ადვილად მართული ჩრდილოეთიდან, თუ ის იმართება ერთი ქუჩიდან. მეტიც: კავკასიას მართავდნენ ერთი ქუჩიდან. ყველა იყო იმ ქუჩაზე, იმპერატორის წარგზავნილები იყვნენ იმ ქუჩაზე, ემირები იყვნენ იმ ქუჩაზე, რაიკომისა და ცკ-ის" მდივნები იყვნენ იმ ქუჩაზე, ყველა სახელმწიფო დაწესებულება იყო იმ ქუჩაზე", _ განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის განცხადებით, ეს ხალხი ქართველებმა გაყარეს, თუმცა მათ ისევ უკან დაბრუნება მოახერხეს.
"90-იან წლებში თითქოს გააგდო ქართველმა ხალხმა ყველა, მაგრამ ყველა დაბრუნდა. ჩამოვიდნენ თავიანთი ბინებიდან ამ ქუჩაზე, ისევ ყველამ თავისი ოფისი გაიხსნეს ამ ქუჩაზე და ძველებურად განაგრძეს საქართველოს ძარცვა", _ განაცხადა სააკაშვილმა ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გახსნისას.