საქართველოში დიასპორული პარლამენტი შეიქმნება. ამის შესახებ არსებული იდეა, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოწვეულ სტუმრებსა და დეპუტატებს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრიმა პაპუნა დავითაიამ გააცნო.
მისი განმარტებით, ეს იქნება სათათაბირო ორგანო, რომელიც წელიწადში ერთხელ, 5-დღიანი სესიის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის შენობაში შეიკრიბება. მინისტრის ინფორმაციით, დიაპორულ პარლამენტს 45 დეპუტატი ეყოლება, რომელთაგან 30-ს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები დიაპორები პირდაპირი წესით აირჩევენ, 15-ს კი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დიასპორებიდან დანიშნავს.
,,რაც უფრო მეტი თანამემამულე ცხოვრობს უცხო ქვეყანაში, მით მეტი წარმომადგენელი ეყოლება მას დიასპორულ პარლამენტში, თუმცა დეპუტატების მაქსიმალური კვოტა თითო ქვეყნისათვის 3, მინიმალური კი 1 იქნება. დისპორული პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფო მინისტრი იქნება. მის სპიკერს კი თავად დიასპორული პარლამენტი აირჩევს. გვინდა, მას საქართველოს პარლამენტის საპატიო წევრის სტატუსი ჰქონდეს. დისპორულ პარლამენტს ეყოლება ბიურო, რომელშიც კომიტეტების თავმჯდომარეები და სპიკერი შევლენ. რაც შეეხება კომიტეტებს, ისინი თემატური და ტერიტორიული ნიშნით დაიყოფა. თემატური მიგრაციის საკითხთა, განათლებისა და კულტურის და ეკონომიკის კომიტეტები იქნება,, - განაცხადა დავითაიამ.
მისივე თქმით, დიასპორული პარლამენტის ასეთი მოდელები იტალიაში, ფინეთსა და ხორვატიაშია შექმნილი. მინისტრის განცახდებით, ამ იდეის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებმა თანამემამულეებმა თავი საქართველოში მიმდინარე პროცესების მონაწილედ იგრძნონ.
როგორც დავითაიამ ჟურნალისტებტან განაცხადა, აღნიშნულ იდეას კანონპროექტის სახე განხილვების შემდეგ მიეცემა და მისი დამტკიცება ამ მოწვევის პარლამენტში მოესწრება.
მისივე თქმით, დიასპორული პარლამენტისთვის არჩევნები მას შემდეგ ჩატარდება, რაც თანამემამულის სტატუს მინიჭებულთა რაოდენობა 30 ათასს მიაღწევს. ,,უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა და დიასპორების შესახებ,, კანონი ძალაში მიმდინარე წლის 1 მარტიდან შევიდა და მაისის ბოლოსთვის ასეთი სტატუსის მფლობელი 50 ადამიანი გახდება.