ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუზეპ ანტონი დურან ი ლეიდა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთის მიერ ორგანიზებული სამხედრო წვრთნების გამო, არჩევნებზე მისვლისგან თავი არ შეიკავონ.
ამის შესახებ ესპანელმა სტუმარმა დღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან აკაკი მინაშვილთან და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან დავით დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ვიცი, რომ საქართველოში ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ შემოდგომისთვის რუსეთი სამხედრო წვრთნებს ამზადებს. ამიტომ მინდა საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდო, თუ რუსეთი სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით რაიმე ნაბიჯებს გადადგამს, არ აყვნენ და ამის გამო არჩევნებში მისვლისგან თავი არ შეიკაონ. არჩევნებში მონაწილეობა აქტიურად მიიღონ და თავიანთი ნება დემოკრატიულად გამოხატონ. რუსეთის მიერ ორგანიზებულ სამხედრო წვრთნების ფაქტს კი ყურადღება არ მიაქციონ, თუ ის არჩევნების პერიოდს დაემთხვევა", - განაცხადა სტუმარმა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ოკუპაცია დაგმო.
ჯუზეპ ანტონი დურან ი ლეიდამ განხორციელებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების მხრივ, საქართველოს რეგიონში ლიდერი უწოდა.
"ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ინტეგრაციის პროცესს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. რეფორმები ინტეგრაციის ხელშემწყობი ფაქტორია და მე ამას მხარს ვუჭერ. ჩვენ ვაფასებთ თქვენს სწრაფვას ევროპული და დასავლური ოჯახისკენ და იმედი მაქვს, რომ ჩიკაგოს სამიტზე მინიმუმ აღიარებულ იქნება, რომ საქართველო მის მიერ აღებულ ვალდებულებებს კარგად ასრულებს, რაც სამომავლოდ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრობის საფუძველია. რაც შეეხება ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, საქართველო, რა თქმა უნდა, ქრისტიანული და ევროპული სამყაროს ნაწილია და შეიძლება მალე არა, მაგრამ იმედი მაქვს, ყველა ვიზეიმებთ იმ დღეს, როდესაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება", - დასძინა სტუმარმა.