საქართველო ჩრდილოკავკასიელ ხალხთა წარმომადგენლებს საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური და სავაჭრო ტიპის პროექტების განხორციელებაში შეუწყობს ხელს. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტში, რომელიც პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა და ეროვნული უშიშროების საბჭომ შეიმუშავეს.
"საქართველო მოხარულია ჩრდილოკავკასიელ ხალხებს საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ისარგებლონ საქართველოს სახელმწიფოს მიერ მიღწეული წარმატებებით ეკონომიკურ სფეროში", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ასევე, საქართველო მიესალმება ჩრდილოკავკასიელი ხალხების წარმომადგენლების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციებს, იქნება ეს იურიდიული თუ ფიზიკური პირების ინიციატივა და აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს პიროვნებისა და ბიზნესის საქმიანობაში სახელმწიფოს ჩაურევლობას, ასევე ეკონომიკური თავისუფლებისა და საკუთრების დაცვას.
სტრატეგიის პროექტის თანახმად, საქართველო გამოთქვამს სურვილს, დაეხმაროს ჩრდილოკავკასიელ ხალხებს, მსოფლიოსა და კაკვასიის რეგიონის სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაში და ამისთვის მოხარულია, მისცეს ჩრდილოკავკასიელ ხალხებს საშუალება, გამოიყენონ ჩვენი სახელმწიფოს რეგიონული ლოგისტიკური ცენტრის ფუნქცია.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ხელს შეუწყობს ჩრდილოკავკასიელებს მოახდინონ საკუთარი ბიზნესის ინვესტირება, საქართველოს ტურისტულად ისეთ მზარდ რეგიონებში, როგორიცაა აჭარა, სვანეთი, ანაკლია, გუდაური, ბარუკიანი და სხვა.
სტრატეგიის განხილვა ხვალ, 2 მაისს, პარლამენტში სამეცნიერო წრეებთან იგეგმება.