საქართველოს სახელმწიფო, კავკასიელი ხალხების წინააღმდეგ ექსცესების პრევენციისთვის, აუცილებელად მიიჩნევს ისტორიული სიმართლის დადგენას. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტში, რომელიც პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა და ეროვნული უშიშროების საბჭომ შეიმუშავეს.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში კავკასიელი ხალხები არაერთხელ ხდებოდნენ ეთნიკური წმენდების, დეპორტაციების და გენოციდის მსხვერპლი. მასობრივი დანაშაულები და რეპრესიები უნდა გახდეს ისტორიული და იურიდიული კვლევის საგანი.
საქართველო მიიჩნევს, რომ ისტორიული სიმართლის დადგენისათვის პირველი ნაბიჯი უკვე არის გადადგმული. კერძოდ, 2011 წლის 20 მაისს, საკითხის ხანგრძლივი და დეტალური კვლევის შემდეგ, საქართველომ ოფიციალურად აღიარა რუსეთის იმპერიის მიერ მე-19 საუკუნეში განხორციელებული ჩერქეზთა გენოციდის ფაქტი. თუმცა აუცილებელია ისტორიული და იურიდიული შეფასების მიცემა კავკასიელ ხალხთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სხვა შემთხვევებისთვისაც.
სტრატეგიის პროექტის თანახმად, საქართველო მხარს დაუჭერს აღნიშნული დანაშაულების დეტალურ შესწავლას და მათთან დაკავშირებული ფაქტების დადგენას. ასევე, ამ დანაშაულების შესახებ არსებული ინფორმაციის და აღმოჩენილი ფაქტების გაცნობას საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ხელს შეუწყობს კავკასიელ ხალხთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების იურიდიული შესწავლის საკითხის დაყენებას საერთაშორისო ორგანიზაციებში.
სტრატეგიის პროექტის განხილვა ხვალ, 2 მაისს, პარლამენტში სამეცნიერო წრეებთან იგეგმება.