კოალიცია "ქართული ოცნების" საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"დღეს, 1 მაისს, მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში ეს დღე კომუნისტურ რეჟიმთან იყო ასოცირებული და წარსულის ინერციით ბევრი ახლაც ასე თვლის. არადა, 1 მაისი არის არა საბჭოთა, არამედ საერთაშორისო დღესასწაული, მშრომელთა დაფასების და მათი უფლებების პატივისცემის დღე, რომელიც აღინიშნება 80-ზე მეტ სახელმწიფოში - გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში.
ვულოცავთ ამ დღეს საქართველოს ყველა მშრომელს, მიუხედავად მათი საქმიანობისა, ეთნიკური, სარწმუნოებრივი და სოციალური წარმომავლობისა, და გამოვხატავთ პატივისცემას მათ მიმართ! ვულოცავთ ასევე ასობით ათას უმუშევარს, რომლებიც დღემდე ცდილობენ იპოვონ სამუშაო! ვულოცავთ ყველა დარგის პროფესიულ კავშირებში გაწევრიანებულ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან მშრომელთა უფლებებისთვის!
შრომის დაფასება ადამიანის დაფასება და პატივისცემაა. სამწუხაროდ, საქართველოში შრომა და მშრომელი არათუ არ არის დაფასებული, პირიქით, მოქმედი შრომის კოდექსით დასაქმებულს პრაქტიკულად არანაირი უფლებები არ გააჩნია და მისი ბედი მთლიანად დამსაქმებლის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.
კოალიცია „ქართული ოცნების" დეკლარაციაში მკაფიოდ არის გამოხატული ჩვენი მიზანი - ინტეგრაცია ევროპის დიდ ოჯახში. ამ მიზანს კი, საქართველო მხოლოდ მაშინ მიაღწევს, როდესაც ქვეყნის კანონმდებლობაში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად აისახება მშრომელთა უფლებების გარანტიები.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, კოალიცია აცხადებს: ჩვენ ძირეულად შევცვლით ხელისუფლების დამოკიდებულებას საქართველოს მოქალაქეთა მიმართ,
ჩვენ შევცვლით არსებულ, დისკრიმინაციულ „შრომის კოდექსს" და ბოლოს მოვუღებთ ადამიანთა დისკრიმინაციას, ექსპლუატაციასა და უუფლებობას.
არც სახელმწიფოს და არც დამქირავებელს არ ექნებათ უფლება ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, სამსახურიდან გაათავისუფლონ ადამიანები. მკაფიოდ განისაზღვრება სამუშაო საათების დაშვებული ზღვარი. დეკრეტული შვებულება კი იქნება გარანტირებული და ანაზღაურებადი. კოალიცია ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების საქმიანობას მშრომელთა უფლებების დასაცავად.
ჩვენ მოვდივართ, რათა შევცვალოთ არა მარტო ხელისუფლება, არამედ სახელმწიფოს პოლიტიკა და მიდგომა ხალხის მიმართ.
ხალხი კი არ უნდა ემსახურებოდეს ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება უნდა იყოს ხალხის მსახური და მათი უფლებების გარანტი".