მომავალი პარლამენტის სპიკერს უფლება ექნება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადადგეს. ახალი რეგლამენტის პროექტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე საჯარო განცხადების გაკეთების მომენტიდან გადამდგარად ჩაითვლება. კერძოდ, მას უფლება აქვს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად იღებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
რაც შეეხება სპიკერის გადაყენების საკითხს, იგი პარლამენტის წინაშე წერილობით შეიძლება დააყენოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. წერილობით უნდა იყოს ასევე მოტივირებული პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნა.
"პარლამენტის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა და წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ", - აღნიშნულია პროექტში, რომლის განხილვასაც პარლამენტი მომავალ კვირაში გეგმავს.