საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ და ლიტვის რესპუბლიკის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიტაუტას კურპუვესასმა პარლამენტში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
ორმა კომიტეტმა თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი 2010 წელს გააფორმა, თუმცა მასში ზოგადი საკითხების შესახებ იყო ნათქვამი. ბალავაძის განცხადებით, ახლანდელ დოკუმენტში კონკრეტული მიმართულებების შესახებ არის საუბარი, რომელიც თვითმმართველობის გაძლიერებას და მისი ფუნქციების რეგულაციებისთვის საჭირო ნორმატიული აქტების მომზადებას ეხება.
"მთავარია, თანამშრომლობა არა მხოლოდ პარლამენტების, არამედ მუნიციპალიტეტების დონეზე გაგრძელდეს", - დასძინა დეპუტატმა.
მისი ლიტველი კოლეგის ვიტაუტას კურპუვესასის თქმით კი, მემორანდუმი თანამშრომლობის საკმაოდ ბევრ თემას მოიცავს.
"ჩვენი კომიტეტების ინტერესთა სფერო ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებიდან დაწყებული, რეგიონული თემებით დამთავრებული, სხვადასხვა საკითხებია", - აღნიშნა მან.