დღეს პარლამენტში ახალი რეგლამენტის ინიცირება მოხდა. როგორც ბიუროს სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რეგლამენტის პროექტით ახლებურად რეგულირდება პარლამენტის უფლებამოსილებათა განხორციელების წესი, პროცედურა, შინაგანი სტრუქტურა და პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, წარმოდგენილი პროექტით, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოდის რეგლამენტით გათვალისწინებული გარკვეული საკითხები.
გოგორიშვილმა ფრაქციებსა და კომიტეტებს მოუწოდა რეგლამენტის ახალ პროექტს დროულად გაეცნონ და ცვლილებების განხილვაში ჩაერთონ, რადგან მათი გამოცდილება მნიშვნელოვანია.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებით, პლენარულ სხდომაზე, პროექტის პირველი მოსმენით განხილვა მომავალ კვირას მოხდება. მან პროექტზე აქტიური მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა NDI -სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს.
რეგლამენტის პროექტი 323 მუხლისგან შედგება, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება - ძირითადი ნაწილისაგან, რომელიც იმ ცვლილებას ითვალისწინებს, რომელიც 2013 წლის შემდეგ კონსტიტუციაში შევა, ხოლო, მეორე ნაწილში, გარდამავალ დებულებებში - არის დრობითი ნორმები, რომლებიც 2013 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებამდე იმუშავებს.