საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ შეიარაღებულ ძალებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა. როგორც ბაქრაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ დაამტკიცა საკუთარი სიმამაცე, მომზადება და სამშობლოსთვის თავგანწირვა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი ბოლო პერიოდში დიდი ცვლილებების მოწმეები არიან, ხდება ქართული სამხედრო ტექნიკური კომპლექსის ჩამოყალიბება, რაც 2-3 წლის წინ პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო.
"ვუსურვებ, რომ არასდროს აღარ დასჭირდეთ პრაქტიკულად საკუთარი თავგანწირვის და სიმამაცის ჩვენება ჩვენი ქვეყნის დასაცავად, თუმცა ყველამ - მტერმაც და მოყვარემაც ვიცით და უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს მართლაც უმაღლეს დონეზე მომზადებული და მოტივირებული შეიარაღებული ძალები ჰყავს. ისინი ჩვენს ქვეყანას ყოველთვის დაიცავენ. საქართველო დღეს ისეთ ურთულეს სამხედრო დანადგარებს უშვებს, როგორიც ჯავშანმანქანები და უპილოტო თვითმფრინავებია. ეს კი საქართველოს თავდაცვის სისტემაში დიდი სისტემური გარღვევაა. ამავდროულად, ეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ძალიან მნიშვნელოვანი გაზრდაა. ამასთან, ეს მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოა ზოგადად ყველა ჩვენი მოქალაქისთვის. ქვეყანა დაცული უნდა იყოს და მე ვუსურვებ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, რომ მომავალშიც ყოფილიყვენ ყოველთვის ასეთივე მომზადებულები და მოტივირებულები, თუმცა მშვიდობიან დროს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.