საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე ლიტვის მხარდაჭერა უკვე აქვს. როგორც დღეს საქართველოსა და ლიტვის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აღნიშნა, ლიტვა საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია და იმ შედეგებს, რასაც საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობებში უკვე მიაღწია სწორედ, რომ ამ მხარდაჭერის ნაწილია.
"ლიტვა საქართველოსთვის მართლაც მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია. ძალიან მნიშვნელოვანია ლიტვის მხარდაჭერა ჩვენთვის ევროკავშირთან ურთიერთობებში. მნიშვნელოვანია ლიტვის მხარდაჭერა ასევე ნატოსთან ურთიერთობაში და ეს მხარდაჭერა ყველგან ჩანს. ის სიტუაცია, რაც გვაქვს თუნდაც ევროკავშირთან ურთიერთობებში სწორედ ამ მხარდაჭერის დამსახურებაა. გარდა ამისა ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი. ვარაუდობთ, რომ ახლო მომავალში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე მოლაპარაკებებს დავიწყებთ, ჩვენ მისაყვანი გვაქვს ბოლომდე თავისუფალი ვაჭრობის და ასევე ასოცირების ხელშეკრულებები. ლიტვა 2013 წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა ხდება და ეს ის პერიოდი იქნება, როდესაც ჩვენთვის სასურველი და გამარტივებული იქნება ამ ხელშეკრულებების ბოლომდე მიყვანა. შესაბამისად ევროკავშირ-საქართველოს შემდეგი ნაბიჯები იქნება უვიზო რეჟიმზე მოლაპარაკებების დაწყება და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დასრულება", - აღნიშნა ნიკა გილაურმა
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები იმედოვნებენ, რომ ლიტვისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.
"რაც შეეხება ლიტვა-საქართველოს ურთიერთობებს მე ვისურვებდი, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავებულიყო და უფრო მეტი ინვესტორი ჩამოსულიყო საქართველოში ლიტვიდან და პირიქით საქართველოდან წასულიყოს ლიტვაში"- აღნიშნა ნიკა გილაურმა.