დღეს, 30 აპრილს საქართველოს ლიტვის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის დელეგაცია ეწვევა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ლიტვა-საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.
დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან, ასევე რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარესთან ვახტანგ ბალავაძესთან და კომიტეტის სხვა წევრებთან.
იმავე დღეს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტსა და ლიტვის რესპუბლიკის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.
გარდა ამისა, შეხვედრები საქართველოში ლიტვის ელჩის რეზიდენციაში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ოფისში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილთან გაიმართება.
ვიზიტის დასასრულს ლიტვის სეიმის დელეგაცია გორს ეწვევა და შიდა ქართლის გუბერნატორ გიორგი ტატიშვილს შეხვდება.