ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ჩაშლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ევროკავშირის დამკვირებელთა მისიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, კეტრინ ეშტონი მწუხარებას გამოთქვამს 24 აპრილს აფხაზური მხარის მიერ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ჩაშლის გამო, აფხაზური მხარის მიერ გარკვეული პირობების წამოყენების საფუძველზე.
"ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფში ევროკავშირის დელეგაციის შემადგენლობის განსაზღვრა სხვა მონაწილის მიერ მიუღებელია", - ნათქვამია ეშტონის განცხადებაში.
ეშტონი აღნიშნავს, რომ ჟენევის საერთაშორისო დიკუსიის მიერ დადგენილი და შეთანხმებული პროცედურების ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული შედეგები.
ევროკავშირის უმაღლესი კომისრის განცხადებით, როგორც 25 აპრილს გავრცელებულ ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეთა განცხადებაშია აღნიშნული, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა როგორც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, ასევე სხვა გადაუდებელი პრობლემების მოსაგვარებლად.
ეშტონი აღნიშნავს, რომ ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირებლო მისია ასრულებს მნიშვნელოვან როლს სტაბილიზაციის, მდგომარეობის ნორმალიზებისა და ნდობის გამყარების ფარგლებში.
ევროკომისარი იმედს გამოთქვამს, რომ ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრები მალე განახლდება მისი ყველა მონაწილის საკეთილდღეოდ.