საქართველოს მთავრობამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიღებული გამოცდილების ანალიზისა და დასკვნების გათვალისწინებით საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტი მოამზადა.
პროექტი ასევე ეყრდნობა ნატოს და სხვა პარტნიორი ქვეყნების გამოცდილებას.
"საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკიდან გამომდინარე, დოკუმენტი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის რეზერვის მიზანს და მნიშვნელობას, აყალიბებს სახელმწიფოს ხედვას რეზერვის პოლიტიკის შესახებ, აღწერს თავდაცვის რეზერვის სტრუქტურის ჩამოყალიბების, მისი მართვისა და ორგანიზების პრინციპებს", - აღნიშნულია კონცეფციის შესავალ ნაწილში.
ამავდროულად, საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, რომ რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის განვითარება არ არის ერთჯერადი პროცესი და აღნიშნავს, რომ გაგრძელდება მუშაობა სისტემის სამომავლო დახვეწის მიზნით და საჭიროების მიხედვით მოხდება მისი ადაპტაცია ქვეყანაში და რეგიონში შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შესაბამისად.