"რაც სააკაშვილი არის ქვეყნის ბაქიბუქით დაკავებული, ისე არიან მისი მინისტრებიც", _ განაცხადა კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საპარლამენტო დებატების კომენტირებისას.
ძიძიგური მიიჩნევს, რომ დეპუტატები ვერც ერთ შეკითხვაზე სწორ პასუხს ვერ იღებენ და უმრავლესობის მხრიდან გვესმის მხოლოდ ის თუ როგორ გამოიყვანეს ბნელეთიდან საქართველო.
,,ეს, როგორც წესი, არ არის საქმიანი შეხვედრა. მინისტრები გაურბიან კითხვებზე პასუხს. ისინი მუდმივად ლაპარაკობენ, თუ რა ბნელი და უკუნი იყო, როცა ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და Dდღეს როგორი ბედნიერი და საამურია ცხოვრება", _ განაცხადა ზვიად ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი არის ლაითმოტივი, რომელიც ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის გამონათქვამს ახლავს. E
,,ეს არის ლაიტმოტივი, რომელიც ყველა სამთავრობო ჩინოვნიკის გამონათქვამებს დასდევს მუდმივად", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ძიძიგურმა.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობა დასმულ მწვავე კითხვებზე პასუხს ვერ იღებს და სიტუაციის გამოსასწორებლად ერთადერთ გზად არჩევნებს მიიჩნევს.
,,ოპოზიცია სვამს მწვავე კითხვებს და ამის პასუხად ჩვენ ვღებულობთ, თუ რამდენად საამური გახდა ჩვენი ცხოვრება მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. Aამიტომ, ვფიქრობ, ეს მახინჯი პროპორცია, რომელიც არის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის სასწრაფოდ უნდა იქნას შეცვლილი და მომავალ არჩევნებს ვუყურებ საუკეთესო საშუალებად იმისათვის, რომ ქართველი ხალხის გემოვნების შესაბამისად იქნეს არჩეული პარლამენტიც და მთავრობაც", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში გამართულ სამთავრობო საათს შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, სასჯელაღსრულებისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრები ესწრებოდნენ.