ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ევროკავშირის, გაეროსა და ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლები წუხილს გამოხატავენ იმ ფაქტის გამო, რომ 24 აპრილს გალში ინცინდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი რიგით 36-ე შეხვედრა არ შედგა.
თანათავმჯდომარეები მხარეებს 2009 წლის თებერვალში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე მიღწეულ კონსენსუსს შეახსენებენ და აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ ეს მექანიზმები მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა როგორც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, ასევე სხვა გადაუდებელი პრობლემების მოსაგვარებლად ადგილზე.
თანათავმჯდომარეები ხაზს უსვამენ ფორმატის შენარჩუნების მნიშვნელობას და გამოდიან ყველა ისეთი პრეცედენტის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა მონაწილეების ინტერესების საწინააღმდეგოდ იყოს მიმართული.
ეუთო-ს საიტზე განთავსებულ ერთობლივ განცხადებაში თანათავმჯდომარეები პროცესების შემდგომი გაუმჯობესების ხელშეწყობის პირობას დებენ და ყველა მონაწილეს მოუწოდებენ შეინარჩუნონ ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებული ამჟამად არსებული პროცედურები და მექანიზმები.
მარიონეტების მიერ გაჟღერებული რუსული გადაწყვეტილება - ასე აფასებენ თბილისში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას გალის ოთხმხრივი მოლაპარაკებების პროცესის შეწყვეტის შესახებ.
ქართველი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ კრემლი ამით ოკუპირებული ტერიტორიის კიდევ უფრო მეტად იზოლაციას ცდილობს.