საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიტიკოსებს ურჩევს, ნებისმიერი საჯარო განცხადება მოზომილი იყოს. პარლამენტში სამთავრობო საათზე, მინისტრს ოპოზიციური ფრაქციის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხი არ გაუცია, თუმცა აღნიშნა, რომ გაუაზრებელი განცხადებების კეთება ხელს უწყობს ომის გაჩაღებას.
"ერთი რამე ფაქტია, ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, განსაკუთრებით კი ოპოზიციის მხრიდან, ხელს უწყობს ჩვენს მტრებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ აქტიური ომი გააჩაღონ. ბატონი ალასანიას განცხადება საბაბად იქნა გამოყენებული, რომ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი აფხაზეთის ტერიტორიაზე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. მგონია, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც შეიძლება გაკეთდეს ამ პარლამენტში, თუ ნებისმიერი საჯარო განცხადება, მოზომილი უნდა იყოს, რათა ზიანი არ მიადგეს იმ საერთო საქმეს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ",- აღნიშნა შს მინისტრმა.
ოპოზიციის მიერ, მინისტრისადმი გაგზავნილ შეკითხვაში საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ ცნობილ განცხადებაზე. ფრაქცია მერაბიშვილისგან ამ ვრცელი განცხადების განმარტებას ითხოვდა.