ის, რომ რუსეთის დღევანდელ მთავრობას ქართველი ხალხი უყვარს, დიდი ტყუილია - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავში ახალი ავტოდრომის დათვალიერების შემდეგ დიმიტრი მედვედევის დღევანდელ განცხადებას.
საქართველოს პრეზიდენტი რუსთავში ახალი ავტოდრომის დათვალიერების შემდეგ დიმიტრი მედვედევის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„ის, რომ რუსეთის დღევანდელ მთავრობას ქართველი ხალხი უყვარს, დიდი ტყუილია - მათი მოსატყუებელი კბილი კი, ჩვენმა ხალხმა უკვე დიდი ხანია მოიცვალა. დღეს მათ თავად აღიარეს, თუ რატომ უნდათ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა. მათივე გამონათქვამებს თუ დავეყრდნობით, საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ ეს ქვეყანა აქცია ისეთი წარმატებული რეფორმების ქვეყნად, რომლის მიბაძვა კი შეუძლია რუსეთს, მაგრამ განმეორება და დაწევა - არა. არადა, წარმატებული საქართველო მათთვის ყველაზე დიდი საშინელებაა. ქვეყანა, რომელიც 2008 წელს მათ განადგურებულად და დამთავრებულად გამოაცხადეს, ფერფლისგან აღსდგა და ისეთ წარმატებებს მიაღწია, რომელიც მისაბაძად იქცა არა მხოლოდ რუსეთის ოპოზიციის ან მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ, როგორც დღეს საბოლოოდ დადასტურდა და რასაც დიდი ხანია ვვარაუდობდით, რუსეთის დღევანდელი მთავრობის ხელმძღვანელებისთვისაც", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.