თუკი პირადად ჩემი ხელისუფლებიდან წასვლის სანაცვლოდ დააბრუნებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მზად ვარ წავიდე ხელისუფლებიდან,, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავში ახალი ავტოდრომის დათვალიერების შემდეგ დიმიტრი მედვედევის დღევანდელ განცხადებას.
მისი თქმით, მათ საქართველოს მთავრობის გამოცვლა იმის გამო სურთ, რომ მოიყვანონ ძალა, რომელიც ირიბად ან პირდაპირ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დაკანონებას ჰპირდება; რომელიც შეწყვეტს საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას ამ თემასთან დაკავშირებით და შეურიგდება არსებულ, როგორც რუსეთის დღევანდელი მთავრობა უწოდებს, ახლადშექმნილ რეალობებს.
"ჩემი პასუხი არის ძალიან მარტივი - თუ ისინი მზად არიან, იქნება ეს ბატონი მედვედევი თუ რუსეთის რეალური მმართველი, რომ საქართველოს დაუბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლის მექანიზმები და გაიყვანონ აქედან თავისი ჯარები, თუკი პირადად ჩემი და დღევანდელი მთავრობის ხელისუფლებიდან წასვლის სანაცვლოდ დააბრუნებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მზად ვარ, დღესვე, ნებისმიერ ადგილზე ჩავფრინდე და ამ ხელშეკრულებას მოვაწერო ხელი. თუ მათ სურს ურთიერთობის აღდგენა მთლიან საქართველოსთან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ამ ხელშეკრულების თანახმად, თუნდაც, საერთაშორისო თანამეგობრობის მეთვალყურების ქვეშ, დათანხმდებიან დაგვიბრუნონ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, გაიყვანონ აქედან თავისი ჯარები, და საქართველოს ხალხს, ჩვენ მრავალეთიკურ მოსახლეობას მისცენ ბოლომდე განვითარების საშუალება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მზად ვარ წავიდე ხელისუფლებიდან", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.