პარლამენტში დღეს საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის ახალ კონცეფციას განიხილავენ. კონცეფციის პროექტზე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.
რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი საუწყებათშორისო კომისიის ფორმატში შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუშაობდა.
დოკუმენტი ქვეყნის თავდაცვის რეზერვის მიზანს და მნიშვნელობას განსაზღვრავს. იგი რეზერვის პოლიტიკის შესახებ სახელმწიფოს ხედვას აყალიბებს და თავდაცვის რეზერვის სტრუქტურის, მართვისა და ორგანიზების პრინციპებს მიმოიხილავს.
აღნიშნული კონცეფციის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის რეზერვის განვითარების სტრატეგიასა და დოქტრინას შეიმუშავებს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში 16:00 საათზე გაიმართება.